მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი ე.წ. დამპალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ითხოვს. თამაზ თოიძის განცხადებით, სადავო ტერიტორია, სადაც სამშენებლო ნარჩენების ნაგავსაყრელი იყო, ჯერ საკუთარი ძალებით დაასუფთავა, შემდეგ კი მშენებლობის უფლება ქალაქის მერიას სთხოვა და სიტყვიერი დაპირებაც მიიღო. თუმცა როგორც თავად თოიძე განმარტავს, ერთი კვირის წინ გაარკვია, რომ აღნიშნული ტერიტორია თბილისის მთავრობამ რადიოქარხნის მფლობელებს შესთავაზა. ამის შემდეგ, საცხოვრებელი ააშენა, რომელიც გუშინ ზედამხედველობის სამსახურმა, როგორც თავად ამბობს, გაფრთხილების გარეშე დაუნგრია. საპირისპიროს აცხადებენ თბილისის მერიაში და განმარტავენ, რომ ოჯახს მშენებლობის უფლება არ ჰქონდა. ე.წ. დამპალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე თამაზ თოიძესთან ერთად მშენებლობის უფლებას კიდევ 165 ოჯახი ითხოვს.