საპროტესტო აქცია ქობულეთში

საპროტესტო აქცია ქობულეთის მერიასთან.

აღმაშენებლის 375-ე ნომერში მცხოვრები ლალი მანაგაძე მეზობლად მიმდინარე უკანონო მშენებლობის შეჩერებას და დემონტაჟს ითხოვს. დღეს იგი მერიასთან ახლობლებთან და შვილიშვილებთან ერთად მივიდა. ლალი მანაგაძე რამდენიმე თვეა მეზობლად ბიზნესმენ გიორგი ბოლქვაძის მიერ დაწყებულ მშენებლობას აპროტესტებს, რომელმაც მას ღობე და მიმდებარე კაფის შენობა დაუზიანა. ქობულეთის ზედამხედველობის სამსახურმა ბიზნესმენი უნებართვო მშენებლობის გამო 30 დეკემბერს მეორედ დააჯარიმა და მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით სააღმსრულებლო ბიუროსაც მიმართა, თუმცა ბიზნესმენმა ამის მიუხედავად მშენებლობა არ შეაჩერა.

ლალი მანაგაძე და მისი ადვოკატები პასუხისმგებლობას მერიასთან ერთად სააღმსრულებლო ბიუროს აკისრებენ. ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურში კი ამბობენ, რომ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყეს. უწყებაში ადასტურებენ, რომ მშენებლობა უკანონოა, თუმცა ამბობენ, რომ შეჩერების მექანიზმი მათ არ აქვთ და სააღმსრულებლო ბიუროს გადაწყვეტილებას ელოდებიან.