დღეიდან საქართველოს პირველი არხი რეგიონებიდან სპეციალური რეპორტაჟების მომზადებას იწყებს.
ჩვენი გადამღები ჯგუფები ჩავლენ ყველა რაიონსა და სოფელში, რათა გაჩვენოთ, რაში იხარჯება საბიუჯეტო სახსრები და რა პირობებში ცხოვრობს რეალურად მოსახლეობა.
პირველი რეპორტაჟი საგარეჯოდან იქნება, სადაც 25-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე რაიონის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას საბიუჯეტო პრიორიტეტების არასწორად გადანაწილებას ედავება. ირკვევა, რომ 44-ვე სოფელში მწვავედ დგას სასმელი წყლის პრობლემა და თითქმის არაფერია გაკეთებული ინფრასტრუქტურის მხრივ. ეს მაშინ, როცა ბოლო ორ წელში უკვე მეორედ გარემონტდა საგარეჯოს მერიის შენობა და მესამედ დაიწყო ერთი და იმავე ადგილის მოასფალტება. საგარეჯო ერთადერთია კახეთის მუნიციპალიტეტებს შორის, სადაც თანამშრომლებმა ზეგანაკვეთური სამუშაოებისთვის დანამატებიც აიღეს.
„მოამბე“ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც 22 ივლისს უწყლობით შეწუხებულმა საგარეჯოს მცხოვრებლებმა გომბორის გზა გადაკეტეს.