იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ. პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ასარჩევად გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი წარუდგინა. გიზო უბილავამ საქმიანობა 1999 წელს მოსამართლის თანაშემწედ დაიწყო, 2002 წლიდან კი მუშაობა პროკურატურაში განაგრძო. პროკურორად ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ ის სასამართლოში 2020 წლიდან დაბრუნდა. პროკურორად მუშაობის გამოცდილება აქვს ბადრი შონიასაც, რომელიც სასამართლო სისტემაში 2011 წლიდან დასაქმდა. 2021 წელს ის მოსამართლეთა კოლეგიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ირჩია. 2022 წლიდან შონია საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და ამავე კოლეგიის თავმჯდომარეა.
გოჩა ჯეირანაშვილმა მუშაობა 2002 წელს კრიმინალურ პოლიციაში უფროს ინსპექტორად დაიწყო, შემდეგ იყო გამომძიებელი, 2009 წლიდან კი მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს. ჯეირანაშვილი 2021 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეა.
იურიდიული კომიტეტის სხდომას, სადაც გასაუბრება მიმდინარეობს, არ ესწრება ოპოზიცია.