გაერთიანებული კომიტეტის სხდომა

საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი, საკრებულოში გამოკლებული წევრის ადგილს, ცესკო-ს მიერ შუალედური არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-11 დღეს დაიკავებს –  ამას „ქართული ოცნების“ წევრების ინიცირებული კანონპროექტი გულისხმობს, რომელიც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს. ცვლილებების შეტანა საარჩევნო და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსებში იგეგმება. მმართველი გუნდი აღნიშნული ცვლილებების მიღებას ბათუმის საკრებულოში განვითარებულ პროცესებს უკავშირებს და განმარტავს, რომ ოპოზიცია კვორუმის პრობლემას ხელოვნურად ქმნის, რის გამოც, საკრებულოს საქმიანობას პრობლემები ექმნება. ოპოზიციას მიაჩნია, რომ კანონპროექტის მიღება „ქართული ოცნების“ პარტიული ინტერესია. მათი თქმით, სენაკის საკრებულოშიც იგივე კრიზისია, რაც ბათუმში, თუმცა ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას კანონმდებლობის მორგებით მხოლოდ იქ აპირებს, სადაც აწყობს. ოპოზიცია პროექტის მხარდაჭერას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ კრიზისი სენაკის საკრებულოშიც დასრულდება. „ქართული ოცნება“ ოპოზიციას პოლიტიკურ ვაჭრობაში ადანაშაულებს.

დატოვე კომენტარი