სასამართლო რეფორმის გარშემო პოლიტიკური უთანხმოება კიდევ უფრო მწვავდება. კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ უმრავლესობიდან წასული ეკა ბესელია მოსამართლებიის უვადოდ დანიშვნის პროცესის შესაჩერებლად ახალ გზას მიმართავს. მის მიერ ინიცირებული გეგმის მიხედვით, სანამ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა არ შეიცვლება, მანამდე მოსამართლეები უვადოდ არ უნდა განწესდნენ.
ინიციატივა უვადოდ უკვე დანიშნული მოსამართლეების სტატუსის შეჩერებასაც გულისხმობს. თუმცა ამ ყველაფერს კონსტიტუციის ერთი მუხლის შეცვლა და შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება სჭირდება, რისთვისაც ბესელია ხელმოწერების შეგროვებასაც აპირებს. მანამდე ყოფილი თანაგუნდელის იდეა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მწვავე კრიტიკის სამიზნე ხდება.
კონსენსუსის მიღწევა ვერ ხერხდება მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმებზეც. პარლამენტში სამი სხვადასხვა პროექტის განხილვისთვის ემზადებიან.