მსოფლიო ბანკის მოქმედი რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი რეგიონში თავის ოთხწლიან მისიას ასრულებს. ივლისიდან ის ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის სათავო ოფისში გააგრძელებს მუშაობას. მოლინეუსი დღეს ოფიციალურად დაემშვიდობა საქართველოს და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც მსოფლიო ბანკი საქართველოში ახორციელებს.
სებასტიან მოლინეუსს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის პოზიციაზე როლანდ პრაისი შეცვლის, რომელიც საქმიანობას 1-ლი სექტემბრიდან შეუდგება. ამჟამად როლანდ პრაისი მსოფლიო ბანკის ოფიციალური წარმომადგენელია რუანდაში. იგი იამაიკის მოქალაქეა, მსოფლიო ბანკის ჯგუფს 2006 წელს შეუერთდა, როგორც ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში.