მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუჩერა. იგორ დოდონის განცხადებით, მთავრობის მიერ წარდგენილი 7 მინისტრის კანდიდატურა დაბლოკა, სასამართლოს გადაწყვეტილება კი სწორედ მთავრობასთან უთანხმოებას უკავშირდება. რუსეთთან ახლო კავშირის მომხრე პრეზიდენტმა პროდასავლელი პრემიერ-მინისტრის, პაველ ფილიპის მთავრობის 5 მინისტრისა და ორი სახელმწიფო მინისტრის დამტკიცებაზე თქვა უარი.
იგორ დოდონმა მინისტრობის კანდიდატები კომპეტენციის ნაკლებობაში და საბანკო სკანდალში მონაწილეობაში დაადანაშაულა. მთავრობა პრეზიდენტს არ დაეთანხმა და გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური ინსტრუმენტია და არა სასამართლო ორგანო. დოდონის განცხადების მიუხედავად, მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის სპიკერს შესაძლებლობა მისცა, მინისტრობის კანდიდატები 5 იანვრისთვის დაამტკიცონ.