ამ წუთებში განსაკუთრებული მზადებაა პირველი რესპუბლიკის მოედანზე, იქ, სადაც ორ საათში საახალწლო გალა-კონცერტი უნდა დაიწყოს.
მუსიკალური პროგრამა სამ ნაწილად იქნება დაყოფილი, შესაბამისად სცენა სამი სივრცისგან შედგება. ახალი წლის დადგომას მოსახლეობას შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები მიულოცავენ, შესრულდება საშობაო სიმღერები და ცნობილი კომპოზიციებიც, რომლებსაც ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით ორკესტრი წარმოადგენს.
„მოამბის“ წამყვანებმა, – მარიამ ვაშაძემ, ლიზა წიკლაურმა, თამუნა ფიროსმანიშვილმა, ვასილ-ივანოვ-ჩიქოვანმა, რატი ხვისტანმა და ნიკა მუკბანიანმა, – ერთი დღით სტუდიიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლეს. ისინი საახალწლო პროგრამას გააშუქებენ, ეყოლებათ სტუმრებიც. ახლა სწორედ ისინი შემოგვიერთდებიან პირდაპირ ეთერში და მოგვიყვებიან, რა ელოდებათ საახალწლო ღონისძიებების მთავარ ლოკაციაზე მისულ მოქალაქეებს.