მკვლელობა ხადას ხეობაში

შემზარავი ტრაგედიით დასრულებული ლაშქრობა ხადას ხეობაში.

ამერიკელი ცოლ-ქმრის და მათი ოთხი წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება. გამოძიების ინფორმაციით, 20 წლის მწყემსი დანაშაულს აღიარებს, საპირისპიროს ამტკიცებს ადვოკატი. როგორც ირკვევა, მწყემსმა 6 ივლისს ლორა და რაიან სმიტები მცირეწლოვან შვილთან ერთად სოფელ წკერესთან მდებარე ჩანჩქერამდე მიაცილა. არაოფიციალური ვერსიით, დაკავებულსა და რაიან სმიტს შორის ურთიერთშელაპარაკების მიზეზი ეჭვიანობა გახდა.

მამაკაცი და ბავშვი სანადირო თოფით არიან მოკლულები, ქალი კი გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და დაიღუპა. სოფელში ჰყვებიან, რომ გაუჩინარებული სმიტების სამძებრო სამუშაოებში მწყემსიც იყო ჩართული.

ორმაგი მოქალაქეობის მქონე სმიტები 2012 წლიდან მარნეულში ცხოვრობდნენ, ლორა სმიტს საკუთარი მცირე ბიზნესი ჰქონდა.