თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს თელავის რაიონულმა სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შემთხვევა თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მოხდა. მსჯავრდებული ერთ-ერთ მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად მომუშავე ცოლ-ქმარს 20 ათასი დოლარი ჰქონდათ შენახული. აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით, ბრალდებულმა უკანონოდ მოპოვებული გლუვლულიანი იარაღიდან დამიზნებით ესროლა ცოლ-ქმარს. ისინი მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე დაიღუპნენ. ასევე, ბრალდებული დაემუქრა გარდაცვლილების არასრულწლოვან შვილს და ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ძალის გამოყენებით დააბა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.