განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული პოლიციელის ადვოკატი ბრალის წარდგენის პროცედურის დაწყებას ელოდება. მას წინასწარი დაკავების იზოლატორში უახლოეს საათებში შეიყვანენ. თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ვანო ზანდარაშვილს, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ზურაბ საჩიშვილი მოკლა, ბრალს დღეს წაუყენებენ. პოლიციამ ზანდარაშვილი შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ 26 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ვანო ზანდარაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შურისძიების მოტივით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მოკლა ზურაბ საჩიშვილი, თავად კი ურთიერთშელაპარაკებისას ხელის არეში დაიჭრა. დაკავებული გუშინ ადვოკატმა მოინახულა, თუმცა, ის დეტალებზე არ საუბრობს. ვანო ზანდარაშვილი დუმილის უფლებას იყენებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
მოამბე