სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მენაშენეებმა საქალაქო სასამართლოში განცხადება შეიტანეს.
მენაშენეები პროცესში მესამე მხარედ ჩართვას მოითხოვენ. მათი თქმით, ხვალინდელ პროცესზე მოსამართლემ, მირცხულავას ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთის მეპატრონის, „გეომერიდიანისა“ და სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დავა უნდა განიხილოს. მენაშენეები ამბობენ, რომ ორ კომპანიას შორის წლების წინ თაღლითური გარიგება შედგა. „გეომერიდიანმა“ მიწის ნაკვეთი „სვეტს“ გარკვეული პირობების სანაცვლოდ გადასცა. იმის გამო, რომ „სვეტმა“ დროულად არ დაასრულა მშენებლობა, „გეომერიდიანი“ 2015 წელს არსებული მდგომარეობით, მიწის დაბრუნებას ითხოვს.
მენაშენეები ამბობენ რომ თუ მოსამართლე ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მათ დამატებითი პრობლემები შეექმნებათ, ზარალის კომპენსაციაზე კი პასუხისმგებელი არავინ იქნება.
700-ზე მეტმა ოჯახმა საცხოვრებელი ფართები მშენებლობის დასრულებამდე ისე შეიძინა, რომ როგორც თავად ამბობენ, მხარეებს შორის არსებულ გარიგებაზე ინფორმაცია არ ჰქონდათ.