ამ დრომდე ჩაკეტილია ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალი. ქედაში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც მთიდან ჩამოშლილმა ლოდებმა, ჭადრების დასახლებასთან, გზა ჩახერგა. მოძრაობა ამ დროისთვის შეწყვეტილია. ბათუმს მოწყვეტილია მთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტი.
იმის გამო, რომ ჩამოწოლილი ლოდების გადაადგილება მძიმე ტექნიკით ვერ ხერხდება, ჩაკეტილი მონაკვეთის გასაწმენდად, შესაძლოა, აფეთქებითი სამუშაოები გახდეს საჭირო. გზა, სავარაუდოდ, ცალმხრივად, დღის ბოლოსთვის გაიხსნება. მანამდე კი მოსახლეობა შემოვლითი გზით ისარგებლებს, რომელიც ამ წუთისთვის იწმინდება.