თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში მერაბ ელიოზიშვილის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პატრიარქის ნათლულების გუნდი „საგალობელი“, მოზარდ მაყურებელთა, ლიტერატურული და თუმანიშვილის თეატრის მსახიობები. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მერაბ ელიოზიშვილის პიესებისა და კინოსცენარების კრებულების ორტომეულის პრეზენტაცია შედგა, რომელიც კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გამოიცა. მსახიობს, მწერალსა და სცენარისტს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა მისმა პირველმა მოთხრობამ – „ბებერი მეზურნეები“, რომელიც შემდგომ პიესადაც გადააკეთა. მერაბ ელიოზიშვილი ავტორია ორი წიგნისა, ასევე ორი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარისა, ესენია, „დიდი მწვანე ველი“ და „თეთრი ქარავანი“.