არჩილ შუბაშვილი გარდაიცვალა

გარდაიცვალა კინომცოდნე, საქართველოს პირველი არხის დოკუმენტური ფილმების სტუდიის სცენარისტი არჩილ შუბაშვილი. მრავალი წლის განმავლობაში არჩილ შუბაშვილი ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა გამოცემებში, იყო კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის მდივანი.

არჩილ შუბაშვილის ორგანიზებით, სხვადასხვა წლებში, ქართული კინოს დღეები ჩატარდა თურქეთსა და დანიაში, მისი თანაავტორობით გამოიცა „ქართული მხატვრული კინოს ფილმოგრაფია“. პირველი არხის დოკუმენტური ფილმების სტუდიაში არჩილ შუბაშვილის სცენარების მიხედვით გადაღებულ ფილმებს შორისაა „სტალინიანა“, „გენერალი მაღლაკელიძე“, „მე, შალვა ნუცუბიძე“, „პირველი რექტორი“ და „კორნელი კეკელიძე“.

საქართველოს პირველი არხი სამძიმარს უცხადებს არჩილ შუბაშვილის ოჯახსა და ახლობლებს.