რეზო გაბრიაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს 

ტაშით გააცილეს დღეს ანჩისხატის ტაძრიდან უკანასკნელ გზაზე რეზო გაბრიაძე.

მსოფლიოში აღიარებული ქართველი მხატვარი, მწერალი, თეატრისა და კინოს რეჟისორი და სცენარისტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. რეზო გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდი ანჩისხატის ეკლესიაში გაიმართა. მის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს ხელისუფლების პირველმა პირებმა, პოლიტიკოსებმა და საზოგადეობის წარმომადგენლებმა.

რეზო გაბრიაძე 6 ივნისს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იყო თბილისის მარიონეტების თეატრის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. რეზო გაბრიაძის სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები „არ იდარდო“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „ფეოლა“,  „ქვევრი“, „შერეკილები“, „მიმინო“, „ქინძაძა“.  2010 წელს რეზო გაბრიაძემ მარიონეტების თეატრის გვერდით ააშენა უნიკალური საათიანი კოშკი, რომელიც მალევე გახდა დედაქალაქის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათი. მისი ბოლო ნამუშევარია ანიმაციური ფილმი „ჰარი ჰარალე დედაო“. რეზო გაბრიაძის უკანასკნელი ნამუშევრის ტელე-პრემიერა საქართველოს პირველ არხზე 2020 წელს შედგა.