სააგენტო „როიტერი“ ქალაქ გაზიანტეპში მდებარე სამშობიაროს კადრებს ავრცელებს, სადაც კარგად ჩანს რა ხდებოდა კლინიკაში მიწისძვრის დროს. ახალშობილთა განყოფილების ექთნები ინკუბატორებს ხელით აკავებენ. ვიდეომასალა ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ვრცელდება. ასევე ცნობილი ხდება, რომ მიწისძვრიდან 147 საათის გასვლის შემდეგ, დღეს დილით მაშველებმა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციაში, ჰატაიში დანგრეული შენობიდან 10 წლის გოგონა ცოცხალი გამოიყვანეს, სამძებრო სამაშველო ოპერაციების დაწყებიდან მე-6 დღეს, მაშველებმა შენობის ნანგრევებში სპეციალური ღრმული გააკეთეს, საიდანაც მცირეწლოვნის ამოყვანა მოხერხდა. გოგონა საავადმყოფოშია გადაყვანილი. თურქული მხარე აცხადებს, რომ ამ დროისთვის დაახლოებით 80 000 ადამიანია მოთავსებული სხვადასხვა ჰოსპიტალში, მილიონზე მეტი კი, დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს.