მძღოლების სასამართლო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ხუთ მძღოლს გირაოს გადახდა დააკისრა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ხულიგნობისა და იძულების ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს 3000-3000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისრა, ხოლო კიდევ ერთს, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე იყო დაკავებული, – 2000 ლარის.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები 4 დღეა აქციებს მართავდნენ. ისინი მოითხოვდნენ, რომ შესაბამისმა უწყებებმა დაადგინონ კერძო სადგურების გახსნის კანონიერება და მიზანშეწონილობა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ქალაქში მოქმედი კერძო სადგურები უნდა დაიხუროს, რადგან ისინი არ აკმაყოფილებენ ავტოსადგურების წესებსა და პირობებს.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილე 5 მძღოლი კერძო ავტოსადგურის მძღოლთან მომხდარი დაპირისპირების გამო 6 მაისს დააკავეს.