გიორგი ბაჩიაშვილის საქმე - სასამართლო პროცესი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს ორმილიონნახევარი ლარის გირაო შეუფარდეს.

პროცესს გიორგი ბაჩიაშვილიც ესწრებოდა, რომელიც ბრალს არ აღიარებს. გამოძიება ბრალდებულს 39 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინების მითვისებას ედავება. დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლების ლეგალიზება – ასეა ფორმულირებული ბრალდება, რომელიც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. საქმე ეხება 2015-17 წლების პერიოდს და ბიტკოინების გამომუშავების მიზნით ინვესტორთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით მისაღები მოგება ჩადებული ინვესტიციების რაოდენობის მიხედვით მხარეებს შორის პროპორციულად უნდა განაწილებულიყო. თუ პროკურატურის ინფორმაციას დავეყრდნობით, ბრალდებულმა ინვესტორს მოგების მხოლოდ ნაწილი გადასცა, 8 253 ბიტკოინს კი თავად დაეუფლა. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ თანაინვესტირების ფონდს გიორგი ბაჩიაშვილი მისი დაფუძნების დღიდან, ანუ 2013-დან 2019 წლამდე ხელმძღვანელობდა, ოთხი წლის წინ მან ხელმძღვანელის პოზიცია დატოვა და სამეთვალყურეო საბჭოში გადაინაცვლა.