„მდგრადი ურბანული მობილობა თბილისში“ – დედაქალაქში ამ სახელწოდების ახალი პროექტი იწყება. ინიციატივა ხუთწლიანია და მიზნად ისახავს თბილისში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი სერვისების განვითარებას, მათ შორის „ჭკვიანი შუქნიშნების დანერგვას, და მათი კონტროლის მენეჯმენტს. მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი ხელს შეუწყობს ეკოსატრანსპორტო ქსელის გაფართოებას, რაც გულისხმობს ავტობუსის ზოლების უწყვეტი და ინტეგრირებული სისტემის შექმნას, ასევე ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადაადგილებისთვის უსაფრთხო სივრცეების გამოყოფას. პროექტი გერმანიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ამოქმედება მიმდინარე წლიდან დაიწყება.