ცნობილია 2024 წლის პედაგოგის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, რომელიც 20-წევრიანმა ჟიურიმ გამოავლინა. ჯილდოს მფლობელი ნათია უჩავა გახდა.
7-წლიანი ტრადიცია გრძელდება – სამეტაპიანი კონკურსის შედეგად გამოვლინდა ხუთი ფინალისტი, რომელთაგან საუკეთესო დღეს განათლების სფეროს წარმომადგენლებით, მეცნიერებით და პედაგოგებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ დაასახელა. ფინალისტებს შორის ორი თბილისის, სამი კი რეგიონების სკოლების პედაგოგი იყო.
ეროვნული ჯილდოს მფლობელი ფულადი პრემიის სახით 15 000 ლარსაც მიიღებს. 7 წლის წინ დაფუძნებული კონკურსის მთავარი მიზანი პედაგოგების პროფესიის პრესტიჟის და პოპულარიზაციის ზრდაა. წლის მასწავლებლის სტატუსის მისაღებად რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო. მათ შორისაა სწავლის პროცესში გამოყენებული შემოქმედებითი უნარები, კრეატიულობა, პროფესიული მიდგომები. კონკურსი ყოველწლიურად ყველა ქალაქის და რეგიონის პედაგოგებს აერთიანებს.
დაჯილდოების ცერემონია „ივენთ ჰოლში“ გაიმართა.