მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული დაიწყო. კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, განათლების სამინისტროში, მასწავლებელთა ფორუმი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტსა და ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების უპირატესობები განიხილეს. მოგვიანებით, მონაწილეებისთვის ასევე გაიმართა „მედიაწიგნიერების გაკვეთილების“ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია და სემინარი. შეგახსენებთ, რომ მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტი X, XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის მედიაწიგნიერების არჩევითი საგნის დამატებას ემსახურება, რომელსაც მოსწავლეები გადამზადებული მასწავლებლების ხელმძღვანელობით გაივლიან და მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ისწავლიან.