ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები მიანმარში სამხედრო მმართველების საპროტესტო აქციების მონაწილეთა რეპრესიებს გმობს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სამხედრო გადატრიალების მოწინააღმდეგეთა აქციაზე გუშინ 100-ზე მეტი დემონსტრანტი მოკლეს. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ მომხდარის გამო შეძრწუნებულია. აქციების მონაწილეთა მკვლელობა დაგმეს 12 ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნებმაც. ერთობლივი განცხადების ხელმომწერებს შორის იყვნენ ამერიკელი, იაპონელი და ავსტრალიელი სამხედრო მაღალჩინოსნებიც. მათი თქმით, სამხედროების ვალდებულებაა დაიცვან ხალხი და არ მიაყენონ მათ ზიანი. საერთო ჯამში, მიანმარში მოწყობილი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ქვეყანაში 328 ადამიანი დაიღუპა. უფლებადამცველები შიშობენ, რომ შესაძლოა მსხვერპლის რიცხვი გაცილებით მეტი იყოს.
მოამბე