მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმე

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია დაიკითხა. ბასილაიას დაკითხვა მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის, ბრალდებული გიგა გიგაშვილის ადვოკატმა მოითხოვა. იგი დაცვის მხარის მოწმე იყო. დაცვის მხარეს ბასილაიას დაკითხვით სურდა იმის დამტკიცება, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და გიგაშვილის მხრიდან მოვალეობის შეუსრულებლობას ადგილი არ ჰქონია. პროკურორს აინტერესებდა, ვაკის პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანის შემდეგ, ხელახალი ექსპერტიზა რატომ არ ჩატარდა. ბასილაიამ განაცხადა, რომ „ელემსისთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას იცნობდა, იყო გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის კურატორიც, თუმცა ვერ გაიხსენა ხელშეკრულების ფასი და მოქმედების ვადა. მან დაადასტურა, რომ ხელშეკრულება პროექტის ჩაბარების შემდეგაც გრძელდებოდა და ავტორს ზედამხედველობა ევალებოდა. მან თქვა ისიც, რომ ხარისხთან დაკავშირებით, გათვალისწინებული ექსპერტიზა ჩაატარა შესაბამისმა კომპანიამ, რომელიც პროექტის უსაფრთხოების ნაწილსაც შეეხებოდა.