მაკა ასათიანი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსგან“ ბოდიშის მოხდას და კვლევაში დაშვებული შეცდომის აღიარებას ითხოვს.
საქმე ეხება ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშს „კორუფციული რისკები სასამართლო სისტემაში“. კვლევაში საუბარია შვიდ საქმეზე, რომელთაგან ერთ-ერთი მაკა ასათიანისა და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული შპს „აკას“ (მერსედეს-ბენცის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში) 20%-იანი სადაო წილის შესახებ სასამართლოში მიმდინარე დავას ეხება.
მაკა ასათიანი და მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ” არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, მათთან კომუნიკაცია საერთოდ არ ჰქონიათ და თუ ორგანიზაცია შეცდომას არ გაასწორებს, პატივისა და ღირსების შელახვის გამო, ისინი „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ სასამართლოში უჩივლებენ.
გარდა ამისა, ასათიანების უფლებადამცველები აპირებენ მიმართონ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებსაც.
თავად „საერთაშორიო გამჭვირვალობაში” ამბობენ, რომ კვლევის მზადებისას არცერთი მხარის მოსაზრება არ გაუთვალისწინებიათ. ისინი მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებაში არსებულ ჩანაწერებს დაეყრდნენ და ბოდიშის მოხდას, ან ინფორმაციის შესწორებას არ აპირებენ.