თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების შეწყვეტიდან წელიწადნახევარი გავიდა. ოჯახს მისი პირადი ნივთები დაუბრუნეს. გენერალურმა პროკურატურამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის დროს ამოღებული ნივთები ოჯახს სრულად გადასცა. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფაზე და მის მიმართ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც და პროკურატურამაც. საქმის სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით, დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილმა და საქმეზე მომუშავე სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტებმა პრესკონფერენცია გამართეს. თემირლან მაჩალიკაშვილის პირადი მობილურის დაბრუნების მიუხედავად, ადვოკატებმა ვერ შეძლეს მისი სრულად დათვალიერება, ვინაიდან სოციალური ქსელის აპლიკაციებზე წვდომა არ აქვთ. წლების განმავლობაში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იყო ფულადი თანხაც, რაზეც გამოძიება მიმდინარეობდა, რათა დადგენილიყო თანხის წარმომავლობა. როგორც ოჯახი აცხადებს, უნდა დადგენილიყო შესაძლო კავშირები ახმედ ჩატაევის დაჯგუფებასთან. თუმცა, ვინაიდან სუსმა თანხა ოჯახს სრულად დაუბრუნა, მაჩალიკაშვილები მიიჩნევენ, რომ დადასტურდა რომ მოკლულს არ ჰქონია კავშირი არც ახმედ ჩატაევთან და არც მისი ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობადა. ოჯახი ახლა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. სასამართლოს წარმოება უკვე დასრულებული აქვს და გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.