ლიტერატურულ პრემია „ლიტერაში“ მონაწილე მწერლები, დიზაინერები, მთარგმნელები და გამომცემლები საქართველოს კულტურის მინისტრს მიმართავენ.
ხელოვანები თეა წულუკიანისგან სამინისტროს მიერ დანიშნული ჟიურის წევრის, იოსებ ჭუმბურიძის მოხსნას ითხოვენ. მწერლები აცხადებენ, რომ „ლიტერას“ ჟიურის თავისუფლების, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ შეიძლება დადგეს. აღსანიშნავია, რომ პრემია „ლიტერადან“ თავისი ნაწარმოები 20-მდე მწერალმა მოხსნა. პრემია კი მწერალთა სახლის მიერ შერჩეულმა ოთხივე წევრმა დატოვა. უწყებაში აცხადებენ, რომ კონკურსს „ლიტერა“ სრულად უწევს ორგანიზებას მწერალთა სახლი, სამინისტრო კონკურსში არანაირად არ ერევა და კონკურსთან მხოლოდ ის შეხება აქვს, რომ ხუთ კაციან საკონკურსო კომისიაში მხოლოდ ერთია სამინისტროს წარმომადგენელი, სხვა წევრებს კი მწერალთა სახლი დამოუკიდებლად ასახელებს. გარდა ამისა, სამინისტროს მიერ მწერალთა სახლისთვის სრულად გადარიცხულია 50 000 ლარი, რაც კონკურსის ჩასატარებელი თანხაა და ამ თანხას მწერალთა სახლი ასევე დამოუკიდებლად განკარგავს.