ეროვნულ მუზეუმს, ეროვნულ არქივს, ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სამეცნიერო ექსპედიციის მიერ ლიბანიდან საქართველოში ჩამოტანილი ქართული ხელნაწერები გადაეცათ. ლიბანში, ქალაქ საიდასთან მდებარე მაცხოვრის მონასტრის ბიბლიოთეკაში, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ქართველ მეცნიერთა ექსპედიციის მუშაობის შედეგად, საქართველოს გადმოეცა ოთხი ქართული ხელნაწერის ციფრული ვერსია. მე-18 საუკუნით დათარიღებული ხელნაწერები ლიტურგიკული ხასიათისაა. ერთ-ერთი ქართული ხელნაწერი XX საუკუნის დასაწყისში ქართველმა სასულიერო პირმა და მეცნიერმა შალვა ვარდიძემ შეისწავლა, დანარჩენი სამის არსებობა კი ქართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის უცნობი იყო.