უნებართვო მშენებლობაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისში, სუხიშვილის ქუჩის დასაწყისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი უკანონოდ აშენდა, რადგან რვასართულიანი კორპუსი მდებარეობს სარეკრეაციო ზონაში. თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, შპს „გ გ. დეველოპმენტმა“ უკანონო მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და აღნიშნული სამშენებლო კომპანია თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, რამდენჯერმე, ჯამში 575 000 ლარით დაჯარიმდა. მერიის განცხადებით, საქმის წარმოება აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის არის გადაცემული.