საოპერო მომღერალი ლამარა ჭყონია მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მომღერალი ოპერისა და ბალეტის თეატრიდან უკანასკნელ გზაზე მისმა მეგობრებმა, კოლეგებმა და ახლობელმა ტაშით გააცილეს. წაიკითხეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილი. ლამარა ჭყონია რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი გახლდათ. მანამდე, 1960-1968 წლებში – კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. პარალელურად, პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. 1987-1991 წლებში იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი. არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, თამარ მეფისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის მფლობელი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.