გამოჩენილი საოპერო მომღერალი ლამარა ჭყონია გარდაიცვალა

93 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი საოპერო მომღერალი, თამარ მეფისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების კავალერი ლამარა ჭყონია. ცნობილი სოპრანო ათეული წლების განმავლობაში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი, 1960-1968 წლებში კი კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.

ლამარა ჭყონია გლინკას სახელობის, პრაღის, სოფიის, ტოკიოს ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი, არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი გახლდათ.

ლამარა ჭყონიას სამშაბათს, 19 მარტს დაკრძალავენ, მისი გამოსვენება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან მოხდება.