კორუფციული სკანდალი ზუგდიდის მერიაში

კორუფციული სკანდალი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში. საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს. თანამდებობები უკვე დატოვეს ზუგდიდის არჩეულმა მერმა და მისმა მოადგილემ.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ლაშა გოგიას და გია გულორდავას მიმართ კონკრეტული შეკითხვები არსებობს, რის გამოც მათ პოსტების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

აქცენტი გაკეთდა კანონის უზენაესობაზეც. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქმე სისტემურ კორუფციასთან გვაქვს, ნაწილი მმართველ გუნდში მიმდინარე შიდა დაპირისპირებაზე ლაპარაკობს.

სისხლის სამართლის საქმე 338-ე მუხლით აღიძრა, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეიდან ზუგდიდის უკვე ყოფილი მერი საქართველოში არ იმყოფება. საკუთარი გადადგომის შესახებ მან მოკლე განცხადება მხოლოდ სოციალურ ქსელში გააკეთა.