თენგიზ ქობალია და ხუტა ბაღათურია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ზუგდიდის ყოფილ მერთან, ლაშა გოგიასთან და ვიცე-მერთან, გია გულორდავასთან ერთად დაკავებულ ორ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

თენგიზ ქობალია, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, 10 000-ლარიანი გირაოს, ხუტა ბაღათურია, რომელსაც ბრალი ცრუ ჩვენებისთვის აქვს წაყენებული, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

საქმის პროკურორის განცხადებით, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულმა პირებმა აღიარებითი ჩვენება მისცეს. რაც შეეხება, ზუგდიდის მერსა და ვიცე-მერს, ისინი ამ ეტაპამდე ბრალს არ აღიარებენ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ყოფილ მერს, ლაშა გოგიასა და ვიცე-მერს, გია გულორდავას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღებას ედავებიან. თენგიზ ქობალიას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, ხუტა ბაღათურიას კი ბრალი ცრუ ჩვენებისთვის აქვს წაყენებული.