მსოფლიოში ახალი კორონავირუსის შედეგად ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ ნახევარს უახლოვდება. საერთო ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსს 88 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 329 ათასს აჭარბებს. ყველაზე მეტი ინფიცირებული ამერიკის შეერთებულ შტატებშია. მეორე ადგილზეა ესპანეთი, მესამეზე იტალია. ჩინეთში კი, საიდანაც ახალი კორონავირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა, ბოლო 24 საათში, ვირუსით ინფიცირების 63 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. შემთხვევების უმეტესობა იმპორტირებულია. სიტუაცია გაუმჯობესდა სამხრეთ კორეაში, სადაც ბოლო დღე -ღამეში, ინფიცირების მხოლოდ 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის 23 იმპორტირებულია. კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო ავსტრალიაშიც.
თურქეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 812-ს მიაღწია. საერთო ჯამში, ვირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 38 266-ია. რუსეთში კი, კორონავირუსით ინფიცირებულია 8600-ზე მეტი, გარდაცვლილია 63 ადამიანი. სომხეთში დაავადებულთა რაოდენობა 881-ია, გარდაიცვალა 9 ადამიანი. კოვიდ-19-ის 822 შემთხვევაა დადასტურებული აზერბაიჯანში, დაიღუპა 8 პაციენტი.
ევროპაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთშიც, სადაც ბოლო 24 საათში, ვირუსს 936 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი ინფიცირებული ქვეყნის პრემიერ მინისტრია, თუმცა მთავრობა აცხადებს, რომ ბორის ჯონსონის მდგომაროება გაუმჯობესდა. ამ ეტაპზე მთავრობის მეთაური კვლავ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. ვირუსის გამო, რთული მდგომარეობაა საფრანგეთშიც, სადაც ბოლო 24 საათში 541 ადამიანი დაიღუპა. 542 ადამიანი გარდაიცვალა იტალიაში, თუმცა ახალი ინფიცირებულების რაოდენობა ამ ქვეყანაში იკლებს.
რთულია მდგომაროება ესპანეთშიც, ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ს 757 ადამიანი ემსხვერპლა. ევროპის ქვეყნების უმეტესობა, ეპიდემიის პიკს, აღდგომის დღესასწაულისთვის ელოდება. მოქალაქეებს მოუწოდებენ უქმე დღეები სახლში გაატარონ.
შეერთებულ შტატებში, ერთ დღეში, კორონავირუსით 1922 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს. ეს მაჩვენებელი შტატებისათვის რეკორდულია. საერთო ჯამში, 9 აპრილის მონაცემებით, ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 14 817-ს მიაღწია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ნიუ იორკში, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში 700-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსი 432 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 23 906 პაციენტი.