ესპანეთში კორონავირუს, ბოლო 24 საათში 838 ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში კი ქვეყანაში 6 528 ადამიანი დაიღუპა. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში „კოვიდ 19“ უკვე 78 797 პირს დაუდასტურდა. 889 ადამიანი გარდაიცვალა გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში. სულ კი „კოვიდ 19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 10 000-ია, ინფიცირებულია 92 000 ადამიანი.
გერმანიაში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა თითქმის ოთხი ათასით გაიზარდა. საფრანგეთში კი ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად ბოლო ერთ დღეში 319 ადამიანი დაიღუპა.
რა ხდება შეერთებულ შტატებში, – „კოვიდ 19“-ის მსხვერპლთა რაოდენობამ ორი ათასს გადააჭარბა. მხოლოდ ნიუ-იორკში 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. შეერთებული შტატების მასშტაბით, ვირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა, სწორედ ნიუ-იორკში გამოვლინდა. ქალაქში ვირუსის 50 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. საერთო ჯამში, კი „კოვიდ 19“-ით დაინფიცირებულების რაოდენობა 120 000-ს გადასცდა. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ნიუ იორკში კარანტინის გამოცხადება აუცილებელი არ იქნება. პრეზიდენტმა დაავადებათა კონტროლის ცენტრს სთხოვა, ნიუ იორკში, ნიუ ჯერსისა და კონექტიკუტში გადაადგილებისგან თავის შეკავების მკაცრი რეკომენდაცია გასცეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოსახლეობას 14 დღის განმავლობაში გადაადგილებისგან თავის შეკავება ურჩია.
მკვეთრად განსხვავებული ვითარებაა ჩინეთში, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ყველა ფაქტი იმპორტირებულია. გამოვლენილია შიდა გადადების მხოლოდ ერთი შემთხვევა. ბოლო ერთ დღეში გარდაიცვალა ხუთი ადამიანი. ამგვარად ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობა 81 439-მდე გაიზარდა, აქედან 75 448 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მსხვერპლთა რიცხვმა კი 3 300 შეადგინა. ხუბეის პროვინციაში, სადაც ახალი კორონავირუსი პირველად გავრცელდა, 63 დღის წინ შეწყვეტილი საჰაერო მიმოსვლა განახლდა, გამონაკლისი მხოლოდ პროვინციის ცენტრალური ქალაქის, უხანის საერთაშორისო აეროპორტია. უხანში ამ დროისთვის აღდგენილია სარკინიგზო მიმოსვლა, ასევე რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი ავტობუსების მუშაობაც განახლდა.