საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა. დაიღუპა კიდევ 39 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანა შედის ახალი კორონავირუსის გავრცელების პიკურ პერიოდში. ამირან გამყრელიძის თქმით, სპეციალისტები ვითარების კიდევ უფრო გართულებას დეკემბერში ელოდებიან. როდემდე გაგრძელდება პიკური პერიოდი, უცნობია. ამ ეტაპზე ქვეყანაში უკვე გამოვლენილი 18 526 აქტიური შემთხვევა გვაქვს. 932 პირის მდგომარეობა ფასდება მძიმედ. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი. გუშინ ეს მაჩვენებელი იყო 330, რაც ნიშნავს, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატი კიდევ 82 პაციენტს დასჭირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კოვიდ-19 1051 ადამიანი დაღუპვის მიზეზი გახდა. დღეის მდგომარეობით, საავადმყოფოებში მკურნალობას 6 192 მოქალაქე გადის. სპეციალისტები ყველას მოუწოდებენ მაქსიმალურად შეზღუდონ მობილობა და მკაცრად დაიცვან არსებული რეკომენდაციები.