,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” პოლიციის მხრიდან განხორციელებულ არასამართლებრივ ქმედებებზე საუბრობს
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” საპატრულო პოლიციის მხრიდან განხორციელებულ არასამართლებრივ ქმედებებზე საუბრობს.
ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, მოქალაქე გიორგი პერტაია, რომელიც თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე საკუთარი ავტომობილით მოძრაობდა, საპატრულო პოლიციამ გააჩერა და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა. ორგანიზაციის წევრების მტკიცებით, გიორგი პერტაიას გზაში პოლიციელები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
27 ნოემბერს გიორგი პერტაია თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე გადაიყვანეს. პოლიციის თანამშრომლების მხრიდან დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენამდე პროცესი 5 დეკემბრამდე გადაიდო.
,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. თბილისის საპატრულო პოლიციაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები უკვე გადაგზავნილია პროკურატურაში, რომელიც აღნიშნული საქმის შესწავლას მოახდენს.