კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება

საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზატორები დააჯარიმა. უწყებამ ბაზარზე მოკვლევა დაასრულა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება, დარღვევა დაადგინა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, როგორც მომჩივან, ასევე მოპასუხე მხარეებს – სამ კომპანიას, ჯამურად, 1,6 მლნ. ლარზე მეტი ოდენობით სანქცია დაეკისრათ. მოკვლევის შედეგად, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად იქნა შეფასებული შპს „სადისტრიბუციო კომპანიას“ და შპს „თინეთს“ შორის ექსკლუზივის პირობით გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც კინოთეატრების ბილეთების რეალიზების უფლებას მხოლოდ „თინეთის“ მფლობელობაში მყოფ პორტალ tkt.ge-ს აძლევდა. გარიგების მონაწილედ იქნა მიჩნეული მომჩივანი შპს „ელ ბილეთები“, რომელიც თავის მხრივ ცდილობდა ექსკლუზივის მოპოვებას მის მფლობელობაში მყოფ პორტალზე biletebi.ge.