კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომი“ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად გამოაცხადა და სამი სხვადასხვა სახის დაშვების ვალდებულება დააკისრა.
გადაწყვეტილება მათი დაკვეთით ჩატარებულ მობილური მომსახურებების ბაზრის კომპლექსურ კვლევას დაეყრდნო, რომლის ფარგლებშიც, ევროკავშირის ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ „მაგთიკომი“ როგორც ფინანსური რესურსების, ისე აბონენტებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით, კონკურენტებთან შედარებით კრიტიკულად დიდ უპირატესობას ფლობს, რაც ბაზარზე შესვლის ბარიერებს და შემზღუდველ გარემოს განაპირობებს. ექსპერტების შეფასებით, ქართული მობილური ბაზარი არაკონკურენტულია, ხასიათდება დაბალი დინამიურობით, ინოვაციების სიმწირით, ასევე, პროგრესის დეფიციტით და წინასწარი რეგულირების არ არსებობის პირობებში, ეს გარემოება სულ მცირე მომდევნო სამი წელი არ შეიცვლება, რითიც მომხმარებლები მნიშვნელოვნად დაზარალდებიან. არსებული გარემოებების გამოსწორების მიზნით კი, ევროკავშირის ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ „მაგთიკომს“ უნდა განესაზღვროს დაშვების ვალდებულებები, რომელთა მეშვეობით, სხვა ოპერატორებს გარკვეულ ფასად შეეძლებათ „მაგთიკომის“ ქსელსა თუ ინფრასტრუქტურაზე დაშვება, რაც ახალი მოთამაშეებისთვის ბაზარზე შესვლის ბარიერებს მოხსნის და დაშვების მსურველ ოპერატორებს მეტად კონკურენტუნარიანს გახდის.