დახურული კლუბებისა და ბარების წარმომადგენლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. მათი თქმით, ამ სექტორში მომუშავე ბევრი კომპანია, რომლის ფუნქციონირებაც კორონავირუსის გავრცელების გამო შეჩერებულია, გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგა. ისინი ითხოვენ, დაუყოვნებლივ დადგინდეს დახურული ბარების, კლუბებისა და მუსიკალური სივრცეების გახსნის თარიღი. გარდა ამისა, მათი განცხადებით, აუცილებელია მათთვის ერთწლიანი საშეღავათო პერიოდის დაწესება გადასახადების კუთხით. ბიზნესის წარმომადგენლები ასევე დახმარებას ითხოვენ კომერციული ბანკებისგან დაბალპროცენტიანი სესხის მიღების კუთხით. კლუბებისა და ბარების წარმომადგენლები გამოდიან ინიციატივით, სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ გამოუყენებელ ღია სივრცეებში შეიქმნას სარეკრეაციო, ქვეყნის ტურისტული საიმიჯო პროდუქტი, სადაც დახურული ბარების ღია ვარიანტი იფუნქციონირებს.