ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის წევრები მოზარდებს დაკითხავენ
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია მუშაობას სამკაციანი ჯგუფის ფორმატში განაგრძობს. დღეს იმ არასრულწლოვანი მოწმეების გამოკითხვა იგეგმება, რომლებიც 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მოზარდებს შორის მომხდარ კონფლიქტში მონაწილეობდნენ.
კომისია მათი გამოკითხვის ეტაპს განსაკუთრებული წესების დაცვით გაივლის, კერძოდ, ამ პროცესში ფსიქოლოგები ჩაერთვებიან. საგამოძიებო ჯგუფი სრული შემადგენლობით შაბათს შეიკრიბება და სხვა პირების გარდა, სავარაუდოდ, დეტექტივების სამმართველოს უფროსს, იოსებ სიგუასაც მოუსმენს.
სიგუა კომისიამ დამატებითი შეკითხვების არსებობის გამო, ჯერ კიდევ სამშაბათს დაიბარა, თუმცა, სამმართველოს უფროსი სხდომაზე ჯანმრთელობის გაუარესების გამო არ გამოცხადდა. ხვალინდელ სხდომაზე, შესაძლოა, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც გამოიკითხონ.