ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა, ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა განაცხადა, სხდომაზე დაიკითხა ექიმი, რომელმაც საავადმყოფოში დავით სარალიძეს სამედიცინო დახმარება გაუწია. ასევე დაიკითხნენ ხორავას ქუჩის ის მცხოვრებლები, რომლებსაც შემხებლობა ქონდათ მიხეილ კალანდიასთან. ასევე ერთ-ერთი მოწმე, რომელიც უშუალოდ შეესწრო ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას. დაცვის მხარის ადვოკატის განცხადებით, პროცესზე დაკითხულ მოწმეებს არ უთქვამთ, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სარალიძეს დანა დაარტყა.

მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.