ხმაურის ფონზე დამტკიცდა ბათუმის საკრებულოში ბულვარის განაშენიანების გენერალური გეგმა. სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია ფაქტმა, რომ გენერალური გეგმა დასამტკიცებლად გამოიტანეს შენიშვნასთან ერთად, რომლის მიხედვით, ტექსტიდან ამოღებულია ბულვარში მშენებარე „ამბასადორის“ მრავალსართულიანი კორპუსის მიმართ დასკვნაში დაწერილი შეფასება, რომ იგი შეუსაბამოა ბულვარის არქიტექტურულ კონცეფციასთან. სწორედ „ამბასადორის“ მშენებლობას აპროტესტებდა სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია.
ხმათა უმრავლესობით, „ქართულმა ოცნებამ“ გენერალური გეგმა წარდგენილი შენიშვნით დაამტკიცა, რის გამოც, ოპოზიციის უმეტესობამ სხდომა დატოვა.