ხანძრის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრის შედეგად დაშავებული პირებიდან ორი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მათი მდგომარეობა მძიმეა. პაციენტებს დამწვრობა ძირითადად სახისა და ზედა კიდურების არეში აქვთ მიღებული.

მესამე დაშავებულის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.

ამ დრომდე კლინიკაში რჩება კიდევ ერთი დაშავებული. შუახნის ქალი, რომელიც ბენზინგასამართი სადგურის მახლობლად, მაღაზიაში მუშაობდა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და პაციენტი კლინიკას სავარაუდოდ ხვალ დატოვებს.

რაც შეეხება შემთხვევის ადგილს, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აფეთქების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ფიროსმანის ქუჩაზე აფეთქება, გუშინ, 7 დეკემბერს, საღამოს მოხდა.

შემთხვევის შედეგად ხუთმა პირმა სხეულის სხვადასხვა ტიპის დაზიანებები მიიღო.