საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც რამდენიმე დღეა, ტყის ხანძარი მძვინვარებს, 18 დამწვარი ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახანძრო სამსახური ავრცელებს.
ბერძნული მედია იუწყება, რომ დაღუპულები სავარაუდოდ მიგრანტები არიან. ცხედრები სოფელ ავანტასის სამხრეთით აღმოაჩინეს. საბერძნეთის ევროსის რეგიონი, სადაც ცხედრებია ნაპოვნი, თურქეთიდან საბერძნეთისკენ მიმავალ მიგრანტებში პოპულარული მარშრუტია.
საბერძნეთში უკვე რამდენიმე დღეა, ტყის ხანძრებს ებრძვიან. ცეცხლი უახლოვდება ქალაქ ალექსანდროპოლისს. სტიქიის გამო, ქალაქის საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია გახდა აუცილებელი, ისინი ბორნით ახლომდებარე პორტში გადაიყვანეს. ევაკუირებულებს შორის ახალშობილები და ინტენსიური თერაპიის განყოფილების პაციენტები არიან.