კათოლიკოს-პატრიარქს დღეს 87 წელი შეუსრულდა

კათოლიკოს-პატრიარქს დღეს 87 წელი შეუსრულდა. ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა. 1957 წლის 16 აპრილს თბილისში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში, ბერად აღკვეცეს და სახელად ილია უწოდეს.

1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელმა კათოლიკოს-პატრიარქმა, ეფრემ მეორემ, ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხა, 1967 წლიდან კი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მღვდელმთავრად გადაიყვანეს, რომელსაც 11 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

კათოლიკოს-პატრიარქის, დავით მეხუთეს გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა, ფარული კენჭისყრით, მიტროპოლიტი ილია, კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ინტრონიზაცია იმავე წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა.