ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. ორივე მათგანი წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები სოფელ დიღომში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს, ყოფილი თანამშრომლის ვალის დაბრუნების მოტივით დაუკავშირდნენ. მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ და 2 500 ლარის გადახდა მოსთხოვეს.
თანხა დაზარალებულს ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლის ანგარიშზე ჩაარიცხინეს. პოლიციამ ერთი ბრალდებული გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში, მეორე კი დაბა ბაკურიანში დააკავა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.