მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის“ მშენებლობის პროცესი გრძელდება.
გეგმის მიხედვით სამუშაოები 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. პროექტის მიხედვით მახათას მთაზე 39, 7-სართულიანი კორპუსი აშენდება, რომელშიც განთავსდება 1092 ბინა. სამხედრო მოსამსახურეები საცხოვრებელი ფართის შეძენას შეღავათიანი პირობებით შეძლებენ. კერძოდ, ახალი პირობებით, იმოქმედებს 50 %-იანი თანამონაწილეობის პრინციპი. კერძო კომპანიის ნაცვლად, მშენებლობას თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანია განახორციელებს, რამაც უნდა შეამციროს თვითღირებულება. სამხედროებს ექნებათ საშუალება, არა საბანკო სესხით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ. საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 200 ამერიკული დოლარი იქნება და სამხედრო მოსამსახურეებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. შეთავაზებას სამხედრო მოსამსახურეები დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ.
პროექტის მიმდინარეობას დღეს ადგილზე გაეცნენ პრემიერი და თავდაცვის მინისტრი.