არის თუ არა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თურქეთიდან შემოტანილი იაფი წამლების დეფიციტის საფრთხე – ამ საშიშროებაზე მოქალაქეებს აფთიაქების ასოციაცია აფრთხილებს.
ასოციაცია თურქი მომწოდებლების მხრიდან მედიკამენტების რაოდენობის შეზღუდვაზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ შეზღუდვები გარკვეული პერიოდის შემდეგ ბაზარზე აუცილებლად აისახება. მძიმე პროგნოზის დამადასტურებელ ფაქტებს ითხოვს ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც დეფიციტის საფრთხეს გამორიცხავს. არგუმენტად ბოლო თვეების სტატისტიკა სახელდება, რომლის მიხედვით თურქეთიდან პრეპარატების იმპორტის მაჩვენებლები მუდმივად მზარდია.
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება დღეს „მოამბემ“ აფთიაქებში სცადა.